სტოლტენბერგი –  რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ, მაგრამ ყველა მოკავშირეს დავიცავთ

Published:

უსაფრთხოება არ არის რეგიონული, უსაფრთხოება გლობალურია, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონეთში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არ უნდა ვიყოყმანოთ. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ავტორიტარული ძალები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. რუსეთი აგრესიული ომისთვის მხარდაჭერას იღებს ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ეს გვახსენებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, უსაფრთხოება გლობალურია. უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და ის არ ისწრაფვის რუსეთთან კონფლიქტისკენ.

„ჩვენ არ ვეძებთ რუსეთთან კონფლიქტს, მაგრამ დავიცავთ ჩვენს 1 მილიარდ ადამიანს. ნატო-ს ათი ათასი ჯარისკაცი აქ, პოლონეთში, აგზავნის უტყუარ გზავნილს, რომ ნატო დაიცავს ყველა მოკავშირეს”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერით, ნატო ქვეყანას ეხმარება, გაანადგუროს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობები, რომელიც პოტენციურად, შეიძლება, იყოს საფრთხე ალიანის წინააღმდეგ.

„უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. უკრაინის მხარდაჭერა არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში და ალტერნატივა უფრო ძვირი ჯდება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img