14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მხარეები დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

Published:

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედის, ეგანა მაგარამოვასა და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის საქმეზე პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

საქმის პროკურორის, ხატია წერეთლის განმარტებით, საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მტკიცებულებები არსებობს.

„დასკვნით სიტყვაში იმ მტკიცებულებებს შეაფასებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ბრალდებულების მხრიდან 13 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს – ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ყველა მტკიცებულებას სასამართლო პროცესზე, დასკვნით სიტყვაში მიმოვიხილავ და შევაფასებ. დედისა და ბიძის მიმართ არსებობს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მტკიცებულებები, რომ მათ ნამდვილად ჩაიდინეს 13 წლის გოგონას მიმართ როგორც ქორწინების იძულება, ისე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტის შეუტყობინებლობა”,- განაცხადა ხატია წერეთელმა.

აითაჯ შახმაროვას დედის ადვოკატის, ალი ბადროვის განცხადებით ეგანა მაგარამოვას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არის.

ამასთან ადვოკატის თქმით, ყველა მოწმე დედის უდანაშაულობაზე საუბრობს და დედას რაიმე ცუდი განზრახვა არ ჰქონია.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობას, ალი ბადროვის განმარტებით, ბრალდებული მუქარისა და იძულების მსხვერპლი იყო, რის გამოც, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.

დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ, რის შემდეგაც მოსამართლე მაია შოშიაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. ცნობისთვის, მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img