ჩვენ რომ გვყავდეს ღირსეული ხელისუფლება დღეს, აგვისტოს ომის ვეტერანს, სწორედ ლომისის ეკლესიიდან გამოასვენებდნენ, – ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს მიმართ პროვოკაციებს არ წყვიტს.
როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, მას რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 33 წლის ლევან დოთიაშვილის ოჯახის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.
მისი თქმით, ოჯახი გატაცებულის მდგომარეობის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
„ჩვენ რომ გვყავდეს ღირსეული ხელისუფლება დღეს, აგვისტოს ომის ვეტერანს, სწორედ ლომისის ეკლესიიდან გამოასვენებდნენ. ფაქტი არის ერთი, რომ რუსეთს ჩვენთან ომი, ცეცხლი, პროვოკაციები არ შეუწყვეტია. მოკლეს ადამიანი, მოკლეს სამშობლოს უდიდესი სიყვარულის და რწმენის გამო. ვესაუბრე შვილს, ოჯახს და რა შემიძლია, რომ ვთქვა, გარდა იმისა, რომ ვართ სრულიად დაუცველები, არ და ვერ გავაკეთებ ამ ადგილიდან პოლიტიკურ განცხადებას, მაგრამ მე პირადად, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და აუცილებლად მოვა ამისი დრო, როდესაც ამ კითხვებს დავუსვამთ უშუალოდ ჩვენს ხელისუფლებას, რომლებიც ასე თავმომწონედ, მშვიდობის მოპოვებაზე და მათ მოპოვებულ მშვიდობაზე გვესაუბრებიან. რომელ მშვიდობაზეა ლაპარაკი, როცა ჩვენს მიწაზე მოქალაქეებს გვიკლავენ.
მე დოთიაშვილის დასთან მაქვს უშუალო კომუნიკაცია, მასთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს, ოჯახთან მაქვს კომუნიკაცია და შემიძლია დავადასტურო, რომ მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ზოგადად, არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, რა მოხდება, როგორ არის ის და ა.შ. – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.