ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პოლიტიკაში ბრუნდება

Published:

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ “აქტიურად განიხილება” მისი ერთ-ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება.

“ჯერჯერობით პროცესშია და ხვალ გადაწყდება”, – ამბობს გიორგი ქობულია.

წამყვანის კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი შეერთება ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდთან, გიორგი ქობულია პასუხობს: 

“კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სულ ერთი დღე დარჩა. ბევრი გუნდი არ არის ახლა, რომ დიდი გამოსაცნობი იყოს, მაგრამ უფრო რომ ჩავსხდეთ წესებში, სანამ ეს არ გადაწყდა, მე კომენტარს არ ვაკეთებ”, – ამბობს გიორგი ქობულია.

გიორგი ქობულიას თქმით, პოლიტიკაში დაბრუნება ქართული ოცნების მხრიდან დასავლეთთან დაპირისპირების გამო გადაწყვიტა. ის ამბობს, რომ გუნდი, რომელთან შეერთებასაც განიხილავს, იაზრებს პოზიციას, რომ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობები უნდა აღდგეს.

“მე საერთოდ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა ზუსტად ამ დასავლეთთან დაპირისპირების გამო. გუნდში არის ოდნავ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ჩვენი ძირითადი ვექტორი არის ის, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან. რაც ჩქარა მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესი”, – ამბობს გიორგი ქობულია.

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის აპრილამდე იკავებდა. გიორგი ქობულიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ თქვა, რომ ის გადააყენეს და პოსტი თავისი ნებით არ დაუტოვებია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img