სახდეპი – აშშ არასოდეს აღიარებს ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს

Published:

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, აშშ გმობს და არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ტარდება.

“შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით. შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა. აშშ გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას,” – განაცხადა მილერმა.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. 

რუსეთი “საპრეზიდენტო არჩევნებს” ატარებს საქართველოს ტერიტორიებზეც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე, ყირიმი). საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას გმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img