ოდიშარია ოპოზიციას – თქვენ ხართ პრორუსულები!

Published:

აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის განმეორების ცდის მომსწრე ვართ – სად წაიკითხეთ პრორუსული პასაჟი, ან საერთოდ რუსული?! თქვენ ხართ პრორუსულები! რუსული ძალა თქვენ ხართ!- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირება გააპროტესტა.

როგორც ოდიშარიამ განმარტა, ოპოზიციის ნაწილი „თემიდან არის გასული“.

„აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის განმეორების ცდის მომსწრე ვართ. თემიდან არიან გასულები, მომხსენებლის წარმოდგენილ საკითხს არ ეხებიან. სწორედ ამათი მოწყობილია პროვოკაცია, რაც ამ დარბაზში მოხდა, ხატია დეკანოიძის და სხვების. რა არის ანტირუსული? ანტიევროპული და პრორუსული სად არის? თქვით, სად არის პრორუსული? სად წაიკითხეთ პრორუსული პასაჟი, ან საერთოდ რუსული?! თქვენ ხართ პრორუსულები! რუსული ძალა თქვენ ხართ! თქვენ ფარავთ იმ [დაფინანსებას], რასაც იღებთ და რაში ხარჯავთ?

რომელია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია? „სირცხვილია“ თუ სხვა მსგავსი ორგანიზაცია, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელები. თუ ის სემინარებია პროევროპული, ხალხს რომ ასწავლით იარაღის სროლას, როგორ დაამზადონ ისეთი შეიარაღება, რომლითაც აქ ადამიანებს დაწვავენ. თუ „მთავარია“ დამოუკიდებელი ტელეარხი, რომლის დაფინანსებასაც თურმე განიხილავთ, როგორც დამოუკიდებელი ტელეარხის ხელშეწყობას?! ეს არის თქვენი სახე, შემდეგ იქიდან თქვენ იღებთ ამ ფულს, თქვენ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს გხვდებათ წილი. ერთმანეთზე კუდებით ხართ გადაბმული, კიდევ ფინანსური არხებით. სწორედ ამიტომ არ გინდათ, რომ გამჭვირვალე იყოს [ფინანსები], საზოგადოებამ გაიგოს საიდან მოდის და რაში ხარჯავთ. თქვენ აზიანებთ ჩვენს პროდასავლურ მისწრაფებებს, თქვენ აზიანებთ ხალხში იმ ინტერესს და სურვილს, რომელიც დაკავშირებულია ევროპაში გაწევრიანებასთან. თქვენ ხართ მთავარი წინაღობა ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში. გთხოვთ, შალვა [პაპუაშვილი], შემდეგ ჯერზე გაუთიშეთ მიკროფონი ამ მართლაც პრორუსულ ძალებს, ამ აგენტურას ყველა რჯულისა“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img